
ჰოვარდ უების მიერ დამატებულ მე-5 წუთზე, ბელგიელი მცველის ტომას ვერმალენის შეტევაში ჩართვა და "არსენალმა” ზედიზედ მე-5 პრემიერლიგური გამარჯვება იზეიმა. არადა, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, "კაჭკაჭებთან” "მეთოფეთა” პაექრობა, პირველი წრის მსგავსად, ფრედ უნდა დამთავრებულიყო. მატჩი სტუმრების აქტიურობით დაიწყო. ალან პარდიუს შეგირდებმა მეტოქეს მაღალი ტემპი შესთავაზეს, რაზეც ლონდონელთაგან საკადრისი პასუხი მიიღეს. მოკლედ, "ემირეიტსზე” მისულ მაყურებელს მოსაწყენი დრო არ ჰქონია. ანგარიში "ნიუკასლმა” მე-14 წუთზე გახსნა, როცა ობერტანის პასით "არსენალის” საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ბენ არფამ, შჩენსნის ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა - 0:1. საგოლე პასუხი "მეთოფეებმა” უმალ გასცეს ნიუკასლელებს. პრემიერლიგურ სეზონში 26-ე გატანილი გოლით თავი ვან პერსიმ გამოიჩინა. ჰოლანდიელმა უოლკოტის ჩაწოდებული ბურთი მიიღო საჯარიმოში, ეფექტურად დაიმორჩილა იგი და ხუთიოდე მეტრიდან აუღელვებლად გაგზავნა სტუმართა კარში - 1:1. მატჩის დარჩენილი დროის სათამაშო სურათიდან აშკარა იყო, ფრე არცერთისთვის იყო სასურველი შედეგი. ესაა რომ, მასპინძლები მეტად აკონტროლებდნენ ბურთს და მომენტებსაც მეტს ჰქმნიდნენ. ლონდონელთა შემტევების ყველა მცდელობა უშედეგო იყო, მცველს რაც შეეხება, მისი ყოჩაღობის ამბავი თავშივე მოგახსენეთ - არბიტრმა 5 წუთი დაამატა და სწორედ ამ დროის ბოლო წამები მიდიოდა, როცა მარჯვენა ფლანგიდან უოლკოტის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში მაღალი ბურთისთვის ბრძოლის ხანმოკლე სცენა "გათამაშდა”, ბურთი შორეულ ძელთან უმეთვალყურეოდ დარჩენილ ვერმალენთან აღმოჩნდა და ბელგიელმა ბურთი ვარდნაში შეჭედა კარში - 2:1. საინტერესო სტატისტიკაა - "არსენალმა” ზედიზედ მეხუთედ მოგებულ მატჩში, ზედიზედ მეოთხედ ისეთი ორთაბრძოლის სათავისოდ შემოტრიალება შეძლო, რომელშიც თავდაპირველად აგებდა. ამ მოგებით, არსენ ვენგერის გაწვრთნილმა გუნდმა, ცხრილის მე-3 საფეხურზე მყოფ "ტოტენჰემთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. მოვლენათა მოულოდნელი მიმდინარეობაა, მაგრამ "არსენალმა” ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშით, მართლაც დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში ასპარეზობა.
|