 ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ "სანდერლენდი" ამ სეზონში წარმოადგენს დიდ საფრთხეს გუნდებისათვის და "მეთოფეებს" გაუჭირდებათ "შავი კატების" დამარცხება, რადგან მათ "სტადიუმ ოფ ლაითზე" შვიდი დღის მანძილზე ორჯერ მოუწევთ ადგილობრივ კლუბთან დაპირისპირება...
ამ წლის დეკემბერში "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ ო'ნილის დანიშვნის შემდეგ, "შავი კატები" ლიდერი გუნდებისათვის დიდ საფრთხედ და პრემიერ ლიგაში ძირითად გუნდად იქცნენ.
როგორც მოგეხსენებათ, არსენ ვენგერის გუნდი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში მყოფ გუნდს შაბათს ეწვევა პრემიერ ლიგის 25-ე ტურში, ხოლო ზუსტად 7 დღეში ლონდონელები "სანდერლენდს" ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ არტეტამ გააკეთა კომენტარი:
"რა თქმა უნდა, მარტინ ო'ნილმა დიდი სამუშაო გაუწია "სანდერლენდს" წარმატებისთვის. მან ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა გუნდის შედეგზე. მისი მისვლიდან გუნდმა მართლაც წინსვლა და უფრო ჭკვიანურად თამაში დაიწყო".
"ეს საოცრებაა, ო'ნილმა უდიდესი კორექტირება გააკეთა გუნდის თამაშში. "სანდერლენდთან" მოგება - ყოველთვის რთული მისიაა, თანაც ამ დროს, ამ ამინდში". - ამბობს არტეტა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან.
"ჩვენ გაგვიჭირდება მოწინააღმდეგის დამარცხება, რადგან ამ კლუბს ჰყავს ბევრი ლიდერი გუნდი დამარცხებული. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ თუ "არსენალი" ითამაშებს თავის თამაშს, აუცილებლად დავამარცხებთ მეტოქეს".
"ჩვენ "შავ კატებთან" 7 დღეში ორჯერ გვიწევს თამაში, რაც ძალიან საინტერესოა. პირველი მატჩის შემდეგ, შენ უკვე იცი მოთამაშეების სუსტი და ძლიერი მხარეები, რაც ერთ-ერთი პლიუსია მწვრთნელებისთვის".
|